понедельник, 20 июля 2026 г.

დიდი ბერძნული კოლონიზაცია და კოლხეთი

   


ძვ.. VIII-VII სს. მიმდინარეობდა დიდი ბერძნული კოლონიზაცია. იმ დროს ბერძნებს ერთიანი სახელმწიფო არ ჰქონდათ. ბალკანეთის ნახევარკუნძული, ეგეოსის ზღვის კუნძულები და ხმელთაშუა ზღვის მცირე აზიური სანაპირო (ტერიტორია, სადაც ბერძნები ცხოვრობდნენ)  მოფენილი იყო დამოუკიდებელი ქალაქ-სახელმწიფოებით - პოლისებით. ბერძნული პოლისი აერთიანებდა მთავარ ქალაქსა და მის მიმდებარე ტერიტორიას, სადაც თავისუფალი მოქალაქეები ცხოვრობდნენ. ამ პოლისებმა ხმელათაშუა და შავი ზღვის სანაპიროზე დაიწყეს ახალი ქალაქების - ე.წ. კოლონიების დაარსება. კოლონიების დამაარსებელ ასეთ პოლისებს - `მეტროპოლიები~ (დედაქალაქები)  ეწოდება. რა იყო კოლონიების დაარსების მიზეზები? პოლისებში მოსახლეობის სიჭარბე, შესაბამისად ახალი მიწების ათვისების აუცილებლობა და ეკონომიკური ფაქტორი: პოლისებს წარმოებული საკუთარი ჭარბი პროდუქცია უნდა გაესაღებინათ და იმავდროულად შემოეტანათ ის ნედლეული, რომელიც მათ ქალაქში არ მოიპოვებოდა. 

როგორი იყო დამოკიდებულება მეტოპოლიასა და კოლონიას შორის?

ზოგგან მეტროპოლია კოლონიაზე ძლიერ კონტროლს ახორციელებდა, ზოგგან კი კოლონიები დროთა განმავლობაში სრულ დამოუკიდებლობას აღწევდნენ და თავად ხდებოდნენ პოლისები. იქ, სადაც კოლონია ძლიერი სახელმწიფოს ტერიტორიაზე (მაგ., ეგვიპტეში, ძვ. კოლხეთის სამეფოში) იქმნებოდა, პოლიტიკური და სამხედრო აქტივობით ვერ გამოირჩეოდა, ხოლო იქ, სადაც მოსახლეობა გავითარების დაბალ საფეხურზე იმყოფებოდა, კოლონია წამყვან პოლიტიკურ ძალად იქცეოდა, იპყრობდა ადგილობრივ მოსახლეობას და ბატონობდა მათზე.


რა აერთიანებდა ამ დაქსაქსულ ბერძნულ სამყაროს?

1. ბერძნული ენა;

2. საერთო რელიგია;

3.  კულტურა.

ამიტომ ჩამოყალიბდა მსოფლმხედველობა ელინი (ბერძენი) და დანარჩენი, უცხო სამყარო - ბარბაროსი.


ძვ. წ. VI ს. ბერძნული ახალშენები გაჩნდა საქართველოს ტერიტორიაზე, შავი ზღვის სანაპიროზე: ფაზისი (ფოთი),

გიენოსი (ოჩამჩირე),

დიოსკურია (სოხუმი),

პიტიუნტი (ბიჭვინთა);

ახალშენი იყო ასევე ქობულეთ-ფიჭვნარის ტერიტორიაზე.


პირველი ახალშენები საქართველოში ქალაქ მილეტიდან ჩამოსულმა ვაჭრებმა დააარსეს. ამ ქალაქების შესახებ ორი აზრი არსებობს: ზოგი თვლის, რომ ისინი ტიპური ბერძნული ქალაქები იყო, რომლებსაც პოლიტიკური სტატუსი ჰქონდათ და საკმაოდ აქტიურ ეკონომიკურ ცხოვრებას ეწეოდნენ, ანუ პოლისები იყო. მეორეთა აზრით, კი კოლხეთში, სადაც კოლონიზაციის დროისთვის განვითარების მაღალი დონე და ადგილობრივი ტრადიციები ძლიერი იყო,  ბერძენი მოახალშენეები ვერ შეძლებდნენ დამოუკიდებელი, ჩაკეტილი საქალაქო ცხოვრების განვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის დაქვემდებარებას. ამაზე მეტყველებს ის რომ, ამ ნაქალაქარებზე ბერძნულ იმპორტულ პროდუქციასთან ერთად ადგილობრივი კოლხური მასალა თანაარსებობს და ჭარბობს კიდეც. 

კოლხეთიდან ბერძნებს გაჰქონდათ ხე-ტყე, ცვილი, ფისი, სელი და სელის ნაწარმი, გემთსაშენი მასალა, თაფლი, ოქრო, რომელიც მდინარეებს ჩამოჰქონდა და მოსახლეობა ვარცლებითა და ტყავებით აგროვებდა (აქედან მოდის "მითი ოქროს საწმისზე", "არგონავტებზე"). კოლხეთიდან ასევე გაჰყავდათ მონებიც. საბერძნეთიდან შემოდიოდა მაღალი ხარისხის ღვინო, ზეითუნის ზეთი, მაღალი ხარისხის კერამიკული (ფაიანსი) და მინის ნაწარმი, საიუვილერო ნაწარმი.

კოლხეთში აქტიურ ვაჭრობაზე მეტყველებს ადგილობრივი ვერცხლის ფული - კოლხური თეთრი, რომელიც ძვ.წ. VI ს-დან იჭრება.


დიაოხი და კოლხა

  


ძვ. წ-ის II ათასწლეულში ახლო აღმოსავლეთში ახალი სახელმწიფოები წარმოიშვა. ზოგი ისტორიკოსი მათ „სამხედრო სახელმწიფოებსაც” უწოდებს, რადგან ისინი მუდმივად ომებს აწარმოებდნენ. ასეთები იყვნენ - ხეთების სამეფო, მითანი, ასურეთი. სწორედ ასურულ ლურსმულ წარწერებში იხსენიება პირველად ქართული სახელმწიფოებრივი გაერთიანება – დაიენი (დიაოხი). ასურეთის ერთ–ერთი უძლიერესი მეფის ტიგლათფილესერ I-ის (1115–1077) წარწერაში ლაპარაკია ასურელთა გალაშქრებაზე „ნაირის ქვეყნების“ წინააღმდეგ. ასურელები „ნაირის“ ეძახდნენ მათი ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ვრცელ მიწა–წყალს. ამ წარწერაში იხსენიება დაიენის მეფე სიენი. დაიენი– დიაოხი ძვ. წ. XII-VIII საუკუნეებში არსებობდა. მისი ტერიტორია მოიცავდა ჭოროხის აუზსა და შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროებს. შემდგომში დიაოხს იხსენიებენ ურარტული წარწერები. ურარტუს მეფეების მენუას (819–786)  და არგიშთი I მენუას ძის (786–764) ლურსმულ წარწერებში იხსენიება მათი ძლევამოსილი ლაშქრობები დიაოხის წინააღმდეგ. მენუა იხსენიებს დიაოხის მეფეს უტუფურშ(ს)ის, ხოლო არგიშთი დიაოხის სამეფო ქალაქ ზუას. 

არგიშთის შემდეგ დიაოხი აღარ იხსენიება, სამაგიეროდ ურარტულ წარწერებში იხსენიება სამხრეთ დასავლეთ საქართველოს მეორე დიდი გაერთიანება – კოლხა (კულხა). მის შესახებ ლაპარაკია სარდურ II ის (764–725) წარწერებში. როგორც ჩანს დიაოხის მიწები ურარტუმ და კოლხამ გადაინაწილეს და გამეზობლების შემდეგ მათ შორის ომები დაიწყო. ამაზე მეტყველებენ სარდურის წარწერები, საიდანაც ჩანს, რომ მან სულ ცოტა ორჯერ ილაშქრა კოლხეთში და აიღო სამეფო ქალაქი ილდამუშა. 


ძვ.წ. VIII საუკუნის ბოლოს ჩრდილოეთ კავკასიიდან და სამხრეთ რუსეთის სტეპებიდან დაიწყო მომთაბარე სკვითების და კიმერიელების შემოსევები. ისინი შემოიჭრნენ სამხრეთ კავკასიაში, ხოლო აქედან ახლო აღმოსავლეთში. ამ შემოსევების შედეგად განადგურდა კოლხა.


понедельник, 2 февраля 2026 г.

ილია ჭავჭავაძის ცხოვრება და მოღვაწეობა

"მარტყოფი" - "გააგრძელე საქართველოს ისტორია"

Samegrelo | სამეგრელო - მეტად დასაფასებელი ადგილები საქართველოში ტოიოტას...

საოცნებო მხარე [სამეგრელო ზემო სვანეთი]