დაცვის სიგელი
654 წელს საქართველოში არაბები პირველად გამოჩნდნენ. ქართლის ერისმთავარმა არაბებს თავისი ელჩი შეაგება საჩუქრებით და მათგან ზავი და მშვიდობა ითხოვა. არაბთა სარდალმა ჰაბიბ-იბნ-მასლამამ მორთმეული საჩუქრები მომავალი ხარკის ანგარიშში ჩათვალა და ქართლის მოსახლეობას „დაცვის სიგელი“ გადასცა. სიგელში განსაზღვრული იყო მხარეთა უფლებები და ვალდებულებები :
1)ქართველები იხდიდნენ „ჯიზიას“ - კომლზე ერთ დინარს. ამასთან მათ ეკრძალებოდათ კომლების გაერთიანება ჯიზიის შესამცირებლად; ამავე დროს,არაბებსაც არ შეეძლოთ კომლების დანაწილება ჯიზიის გასადიდებლად.
2)ქართველები ვალდებულები იყვნენ რჩევით და საქმით დახმარებოდნენ არაბებს; მათ უნდა შეეფარებინათ და დახმარებოდნენ ჩამორჩენილ მუსლიმებს, უნდა მიეყვანათ არაბთა უახლოეს რაზმამდე;
3)ისლამის მიმღები ქართველი არაბთა თანამოძმე ხდებოდა, მუსლიმის უფლებებით ისარგებლებდა და არ გადაიხდიდა გადასახადებს;
4)არაბები ვალდებულებას კისრულობდნენ დაეცვათ ქართველები მტრისგან; მაგრამ, თუ არაბთა მოუცლელობის გამო ისინი მათ ვერ დაეხმარებოდნენ და ქართველები მტერს დამორჩილდებოდნენ, ეს მათ დანაშაულად არ ჩაეთვლებოდათ.
ამ პირობების შესრულების შემთხვევაში, არაბები უშიშროების, ქონების და სარწმუნოების ხელშეუხებლობის გარანტიას იძლეოდნენ; თუ არა და ალაჰის სახელით ომს გამოუცხადებდნენ.
მურვან-ყრუს ლაშქრობა
ქართველები დამპყრობლებს თავიდან უბრძოლველად დამორჩილდნენ,მაგრამ შემდეგ სულ ცდილობდნენ ეს უღელი თავიდან მოეშორებინათ: აწყობდნენ აჯანყებებს, ეხმარებოდნენ არაბთა მოწინააღმდეგე ბიზანტიას და ხაზარებს. 735-737 წლებში საქართველოში ილაშქრა არაბთა სარდალმა მერვან იბნ-მუჰამედმა, რომელსაც ქართველებმა სისასტიკის და იმის გამოც, რომ არავის რჩევას ყურს არ უგდებდა ყრუ შეარქვეს. მურვან-ყრუს 120 000 - იანი ჯარი ჰყავდა. მან მთელი კავკასია დაიმორჩილა, ქართლის ქალაქები და ციხე-სიმაგრეები დაანგრია,შემდეგ ეგრისში გადავიდა და მისი დედაქალაქი ციხეგოჯი-არქეოპოლისიც დაანგრია. ქართლის ერისმთავარმა აფხაზეთის მთავართან ერთად ანაკოფიის ციხეს შეაფარა თავი. ეს ციხე მურვან ყრუმ ვერ აიღო, თავი დაანება და სამხრეთ საქართველოში გადავიდა.მან ქართლის სათავეში თავისი მოხელე ამირა დააყენა. ის იყო სარდალიც, ქვეყნის მმართველიც და უზენაესი მსაჯულიც. ამირას მუდმივი სამყოფელი ქალაქი თბილისი იყო. ერისმთავრობა არ გააუქმეს. ქართლის ერისმთავარი ამირაზე დაქვემდებარებულ მოხელედ გადაიქცა.
მურვან-ყრუს ლაშქრობის დროს არაბებმა აწამეს არგვეთის მთავრები დავით და კონსტანტინე მხეიძეები, რომლებიც მურვან-ყრუმ ტყვედ ჩააგდო.
Комментариев нет:
Отправить комментарий