понедельник, 20 июля 2026 г.

საქართველოს დაშლა სამეფო-სამთავროებად

 ერთ-ერთი თურქულენოვანი ტომის ბელადის - ოსმან I ღაზის ხელმძღვანელობით თურქებმა მცირე აზიაში, ბიზანტიის იმპერიის საზღვრებთან შექმნეს გაერთიანება - ოსმანთა კავშირი. XV ს ის II ნახევრისთვის მათ უკვე დაპყრობილი ჰქონდათ თანამედროვე თურქეთისა და საბერძნეთის დიდი ნაწილი. 1453 წელს სულთან მეჰმედ II-ის (1432-1481 წწ.) თაოსნობით თურქებმა უკვე კონსტანტინოპოლიც აიღეს და ბიზანტიის იმპერიამ არსებობა შეწყვიტა. რომის პაპ პიუს II-ის ინიციატივით დაიწყო მზადება ჯვაროსნული ლაშქრობისთვის, რომელშიც ბურგუნდიის,  

უნგრეთის, ნეაპოლის, ვენეციისა და პოლონეთის გარდა ქართველი მეფე-მთავრები, ტრაპიზონის სამეფო და ირანის შაჰი უზუნ ჰასანი უნდა ჩაბმულიყვნენ. 1459 წელს ამ მიზნით საქართველოში ჩამოვიდნენ პაპის ელჩი ლუდოვიკო ბოლონიელი. თუმცა ეს გეგმა ჩაიშალა. 1461 წელს თურქებმა ტრაპიზონის იმპერიაც დაიპყრეს. 

ამ პერიოდში საქართველოს მეფე იყო გიორგი VIII (1446-1466 წწ.). 1463 წელს სამცხის  მთავრის ყვარყვარეს წაქეზებით იმერეთის ერისთავმა, დავით ნარინის შთამომავალმა ბაგრატმა თავი მეფედ გამოაცხადა. გიორგი დასავლეთ საქართველოში გადავიდა ჯარით. ჩიხორთან შედგა ბრძოლა, სადაც გიორგი დამარცხდა. 1465 წელს ყვარყვარემ თავფარავანთან გიორგი VIII  ღალატით შეიპყრო. ამ დროს გიორგის ძმისწულმა კონსტანტინემ გაქცევა მოახერხა. ბაგრატმა ამით ისარგებლა, 1465 წელს ქართლში გადავიდა და ბაგრატ VI-ის სახელით თავი საქართველოს მეფედ გამოაცხადა. ყვარყვარემ მეფე გიორგის დაპატიმრებით ვერ იხეირა, ამიტომ ის გაათავისუფლა, რათა ბაგრატისა და გიორგის დაპირისპირებით ესარგებლა. თუმცა გიორგიმ 1466  წელს მხოლოდ კახეთში გამეფება მოახერხა. ამ დროიდან დაიწყო კახეთის, როგორც ცალკე სამეფოსა და მისი დინასტიის ისტორია. 

1478 წელს ბაგრატ VI გარდაიცვალა. მისმა ვაჟმა ალექსანდრემ ტახტზე ასვლა ვერ შეძლო და რაჭა-ლეჩხუმში გამაგრდა. ქართლსა და იმერეთში გიორგი VIII-ს ძმისწული კონსტანტინე II  გამეფდა. 1483 წელს სოფ. არადეთთან ბრძოლა მოხდა კონსტანტინესა და ყვარყვარე ათაბაგს შორის, სადაც მეფე დამარცხდა. ამით ისარგებლა ალექსანდრე ბაგრატის ძემ, ქუთაისი დაიკავა და მეფედ ეკურთხა. ამ დროიდან იწყება იმერეთის სამეფოს ისტორია. კონსტანტინე მეფე დარწმუნდა, რომ მის ცდებს საქართველოს გაერთიანებაზე შედეგი არ მოჰქონდა. 1490 წელს მან მოიწვია კათალიკოსი, ეპისკოპოსები და წარჩინებულები. მათი რჩევით ის დაუზავდა კახეთის და იმერეთის მეფეებს, ასევე სამცხის ათაბაგს. საქართველო საბოლოოდ დაიშალა სამ სამეფოდ:  

ქართლი, კახეთი, იმერეთი და ხუთ სამთავროდ (სამცხე-საათაბაგო, სამეგრელო, გურია,  აფხაზეთი და სვანეთის სამთავროები). 


Комментариев нет:

Отправить комментарий