1587 წელს ირანის ტახტზე შაჰ აბას I ავიდა. სამი წლის შემდეგ ის იძულებული იყო, თურქებთან დაედო ზავი, რომლის თანახმად აღმოსავლეთ საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანის დიდი ნაწილი თურქებს დაუთმო. შაჰ აბასი ხვდებოდა, რომ არმიის ძირეული რეფორმის გარეშე თურქებს ვერ მოერეოდა. თურქებს მუდმივი ჯარი ჰყავდათ, ირანელების არმიის ძირითად ნაწილს კი ფეოდალური ლაშქარი შეადგენდა. მან ჯარი ოსმალურ ყაიდაზე გადააწყო. 12 000-იანი მსროლელთა კორპუსი და ცხენოსანთა გვარდია შექმნა. მიწების დიდი ნაწილი სახელმწიფო საკუთრებად გამოაცხადა და გლეხებს ნაკვეთებად დაურიგა. რეფორმების გატარების შემდეგ თურქებს ომი გამოუცხადა და წარმატებასაც მიაღწია. მან ქართლ-კახეთიდან ოსმალები განდევნა და ქართულ ციხეებში ირანელები ჩააყენა. ქართლისა და კახეთის მეფეები
ლუარსაბ II და თეიმურაზ I ვალდებულები იყვნენ საჭიროების შემთხვევაში ირანის მხარეზე ჯარით გამოსულიყვნენ.
1612 წელს ირან-ოსმალეთის ომი დასრულდა და შაჰ-აბასმა საქართველოსთვის მოიცალა. 1614-1617 წწ-ში აღმოსავლეთ საქართველოში მან ოთხჯერ ილაშქრა.
შაჰ აბასმა პირველი ლაშქრობისას კახეთის სატახტო ქალაქი - გრემი დაიკავა, შემდეგ ალავერდი, რომელსაც გალავანი შემოავლო და იქ ირანული გარნიზონი ჩააყენა. ლუარსაბმა და თეიმურაზმა თავი იმერეთს შეაფარეს. შაჰ-აბასმა კახეთში მმართველად ირანში გაზრდილი უფლისწული იესე, იგივე ისა-ხანი დანიშნა. შემდეგ ქართლში გადავიდა, გორისა და სურამის ციხეებში ირანული გარნიზონები ჩააყენა. მან იმერეთში ლუარსაბსა და თეიმურაზს შეუთვალა, რომ დანაშაულს აპატიებდა თუ მასთან გამოცხადდებოდნენ. ლუარსაბ II-ის დარწმუნება ქართლის ერთ-ერთმა თავადმა შადიმან ბარათაშვილმა შეძლო და ის შაჰ აბასთან გამოცხადდა. შაჰმა ის ირანში გაიყოლა (მანამდე ირანში უკვე გაგზავნილი ჰყავდა თეიმურაზ I-ის დედა
ქეთევანი და მისი ორი ვაჟი, ალექსანდრე და ლევანი). ირანში შაჰ აბასმა ასევე წაიყვანა ქართლ კახეთის მოსახლეობის ის ნაწილი, რომლებიც შაჰის მეგობრებში - `შაჰსევანში~ ჩაეწერნენ. მის ლაშქარში ჩაწერილთა რაოდენობა რამდენიმე ათასი იყო და ისინი საკუთარ ოჯახებთან ერთად ირანში გადაასახლეს.
1615 წელს ქართლ-კახეთში აჯანყება დაიწყო. შაჰმა 15 000-იანი ჯარი გამოგზავნა ცნობილი სარდლის ალი ყული-ხანის მეთაურობით. თეიმურაზმა შეძლო ირანელების დამარცხება. 1616 წელს შაჰ აბასი საქართველოში თავად გამოემართა. თეიმურაზი იმერეთში გადავიდა. შაჰმა ქართლის მმართველად გამაჰმადიანებული ბაგრატ-ხანი დანიშნა. აღმოსავლეთ საქართველოს დარბევის შემდეგ ის უკან ირანში დაბრუნდა. 1617 წელს შაჰი საქართველოს მეოთხედ შემოესია. ამ დროს მან კახეთი ორად გაყო. აღმოსავლეთი განჯის მმართველს - ფეიქარ-ხანს, ხოლო დასავლეთი ბაგრატ-ხანს ჩააბარა. 1619 წელს ბაგრატის გარდაცვალების შემდეგ მმართველად მისი ძე, სიმონ-ხანი დაამტკიცა, ვექილად ე.ი. რეგენტად გიორგი სააკაძე დაუნიშნა. შაჰმა კახეთიდან 200 000-მდე ადამიანი ირანში, ძირითადად ფერეიდანში გადაასახლა. ირანში გადასახლებული კახელები სოფლის მეურნეები და შაჰის ერთგული მეომრები იქნებოდნენ. მართლაც, ყულის ჯარში, რომელშიც 12 000 მხედარი და 10 000 ქვეითი იყო, ძირითადად გამაჰმადიანებული ქართველები და სომხები იყვნენ.
18
1620 წელს შაჰ-აბასმა თეიმურაზის შვილები ლევანი და ალექსანდრე დაასაჭურისებინა (ლევანი გარდაიცვალა, ალექსანდრე გაგიჟდა). 1622 წელს სიკვდილით დასაჯა ლუარსაბ II (მან ისლამი არ მიიღო). 1624 წელს აწამა და სიკვდილით დასაჯა ქეთევან დედოფალი.
1625 წელს შაჰმა ქართლ-კახეთში დიდი ჯარი გამოაგზავნა ყარჩიხა-ხანის სარდლობით. მას დარჩენილი კახელები უნდა გაენადგურებინა და ქართლიდან მოსახლეობა აეყარა. ჯარს თან ახლდნენ შაჰის კარზე დაწინაურებული გიორგი სააკაძე და ზურაბ ერისთავი. მაგრამ შაჰი მათ ბოლომდე არ ენდობოდა, ამიტომ მძევლებად გიორგის ვაჟი - პაატა და ზურაბის მეუღლე დაიტოვა. გიორგი სააკაძემ აჯანყების გეგმა შეიმუშავა. 1625 წლის 25 მარტს მარტყოფთან მოხდა ბრძოლა, სადაც ქართველებმა ირანელები გაანადგურეს, გიორგი სააკაძემ პირადად მოკლა ყარჩიხა-ხანი. ქართლ-კახეთის მეფე თეიმურაზ I გახდა. შაჰმა ახალი ჯარი გამოაგზავნა. მართალია, 1625 წლის 1 ივლისს მარაბდასთან ბრძოლაში ქართველები დამარცხდნენ, მაგრამ ამ ორ ბრძოლაში ირანელებმა ისეთი ზარალი მიიღეს, რომ შაჰ აბასმა თეიმურაზი ქართლ-კახეთის მეფედ აღიარა, ოღონდ ვასალობის პირობით. მალე თეიმურაზსა და გიორგი სააკაძეს შორის უთანხმოება ჩამოვარდა. 1626 წელს მათ შორის ბაზალეთთან ბრძოლა მოხდა. თეიმურაზმა გაიმარჯვა. გიორგი სააკაძე ოსმალეთში გადაიხვეწა და იქ დაიღუპა.
Комментариев нет:
Отправить комментарий