ა) ევროპა I პირველი მსოფლიო ომის შემდგომ
1919 წლიდან გერმანიაში, ძალაში შევიდა რესპუბლიკის კონსტიტუცია. დამფუძნებელი კრება ქ. ვაიმარში მუშაობდა, ამიტომ მას “ვაიმარის კონსტიტუცია” დაარქვეს, ხოლო სახელმწიფოს, ვაიმარის რესპუბლიკა. გერმანიას სარეპარაციო თანხები მძიმე ტვირთად აწვა. მან სამხედრო ფლოტი გამარჯვებულ ქვეყნებს გადასცა და საკუთარი ტერიტორიების ნაწილი დათმო. გარდა ამისა , ფაქტიურად საერთაშორისო იზოლაციაში მოექცა. 1922 წელს პირველი საერთაშორისო შეთანხმება გერმანიამ, იტალიის ქ.რაპალოში საბჭოთა რუსეთთან დადო.1925 წლის ლოკარნოს ხელშეკრულებით გერმანიას ევროპაში დიპლომატიური სტატუსი დაუბრუნდა და მომდევნო წელს ერთა ლიგაში მუდმივ წევრად მიიღეს. 1925 წელს გერმანიის პრეზიდენტი გახდა ყოფილი გენერალი, ფელდმარშალი 77 წლის პაულ ჰინდენბურგი. 1929 წელს მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისი დაიწყო, რომელიც “დიდი დეპრესიის” სახელითაა ცნობილი.ასეთ პირობებში ხალხში ნდობა მოიპოვა და გაძლიერდა ნაციონალ–სოციალისტური პარტია (ლიდერი ადოლფ ჰიტლერი), რომელიც მკვეთრი რეფორმების და ცვლილებების მომხრე იყო. 1932 წლის ორჯერ ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ნაცისტებმა უმრავლესობა მოიპოვეს. 1933 წელს ჰინდენბურგმა ჰიტლერი კანცლერად დანიშნა. ძალაუფლება ნაცისტებმა ჩაიგდეს ხელში, რაც ვაიმარის რესპუბლიკის დასასრულს ნიშნავდა.
32
გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური მუშათა პარტია 1919 წელს შეიქმნა. 1 წლის შემდეგ, მის სათავეში ჰიტლერი მოექცა. 1920 წლიდან მათი სიმბოლო სვასტიკა იყო (ძალაუფლების სიმბოლო). 1923 წელს თანამოაზრეებთან ერთად ჰიტლერმა სახელმწიფო გადატრიალება სცადა ( ე.წ. „ლუდხანის პუტჩი“), რისთვისაც დააპატიმრეს და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ციხეში დაწერა “ჩემი ბრძოლა” ("Mein Kampf") , სადაც ნაცისტების იდეოლოგიური მსოფლმხედველობა ჩამოაყალიბა. ჰიტლერი ციხიდან ადრე გამოუშვეს.
ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, ნაცისტებმა, მკაცრი დისციპლინა დაამყარეს. სახელმწიფო უწყებაში სხვაგვარად მოაზროვნეებს და ებრაელებს სამსახურიდან უშვებდნენ. დაიწყო მასობრივი დაპატიმრებები; თუმცა დისციპლინის დამყარებამ, მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისის დასრულებამ გამოწვია ეკონომიკური წარმატებები.განვითარდა სამხედრო ინდუსტრია, რამაც ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ტექნიკური წინსვლა დააჩქარა.
ომის შემდგომ ევროპაში ფაშისტური პარტიები შეიქმნა უნგრეთში, ფინეთში, საფრანგეთში, ინგლისში და სხვა. მაგრამ ხელისუფლებაში მხოლოდ იტალიაში, ესპანეთში, პორტუგალიასა და გერმანიაში მოვიდნენ. ფაშიზმი იტალიური სიტყვიდან (Fasces) “ფასცია” მომდინარეობს და ლათინურად წნელის კონას ნიშნავს, რაც ძველ რომში ძალაუფლების სიმბოლო იყო და მას დიქტატორის დაცვის წევრები ატარებდნენ. ფაშიზმის შემქმნელი იყო იტალიელი პოლიტიკური მოღვაწე ბენიტო მუსოლინი (დუჩე). ეს ტერმინი პირველად მან 1919 წელს გამოიყენა. თავიდან სოციალისტური პარტიის წევრი იყო. მუსოლინი I
მსოფლიო ომში მონაწილეობდა და დაიჭრა კიდეც. ომის შემდეგ ის რადიკალ - ნაციონალისტად ჩამოყალიბდა.1919 წელს მან 200 კაციანი “შავხალათიანთა” ფაშისტური სამხედრო მოძრაობა, “იტალიის მებრძოლთა კავშირი” შექმნა. 1921 წელს ის ნაცისტურ, ფაშისტურ პარტიად გარდაიქმნა. მომდევნო წელს მათ ამბოხი მოაწყეს და იტალიის ხელისუფლება ხელში აიღეს. 1922 წელს მუსოლინი პრემიერ-მინისტრი გახდა და 1943 წლამდე დარჩა. მუსოლინიმ ჩამოაყალიბა დიქტატორული მმართველობა. ფაშისტები ებრძოდნენ, როგორც ლიბერალიზმს, ისე სოციალიზმს. ისინი თვლიდნენ, რომ ორივე მიმდინარეობა საზოგადოების წევრებს ერთმანეთის წინააღმდეგ განაწყობდა: ლიბერალიზმი - ინდივიდუალიზმის ხაზგასმით, ხოლო სოციალიზმი - კლასებს შორის კონფლიქტის გამწვავებით. ინდივიდებს და კლასებს ფაშიზმი განიხილავდა, როგორს ერთ მთლიანს, რომელიც ძლიერი მაშინ შეიძლება ყოფილიყო თუ საერთო მიზნის მისაღწევად ერთი პარტიის და ერთი ლიდერის გარშემო გაერთიანდებოდნენ. მუსოლინიმ აკრძალა თავისუფალი პრესა, პროფკავშირები.
XX საუკუნის 20-იანი წლების ბოლოს და 30- იანი წლების დასაწყისში ეკონომიკური კრიზისი ესპანეთშიც მძვინვარებდა. 1931 წელს უსისხლო რევოლუციის გზით მონარქია დაემხო და ესპანეთში რესპუბლიკა გამოცხადდა. თუმცა ამან ქვეყანას მშვიდობა ვერ მოუტანა. ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მემარცხენეები (კომუნისტები, ანარქისტები, სოციალისტები, რესპუბლიკელები კატალონიელები და ბასკები) და მემარჯვენეები (კონსერვატორები და ფაშისტური “ესპანური ფალანგა” ). 1936 წლის თებერვლის საპარლამენტო არჩევნებში მემარცხენე სახალხო ფრონტმა გაიმარჯვა. თუმცა ახალმა მთავრობამ ვერ შეძლო წესრიგის დამყარება. მუშათა გაფიცვები გრძელდებოდა, კატალონია და ბასკეთი დამოუკიდებლობას ითხოვდა. გახშირდა პოლიტიკური მკვლელობები. 1936 წლის ივლისში, მაროკოში განლაგებულ ესპანურ სამხედრო ნაწილში ამბოხი დაიწყო, რომელსაც სათავეში გენერალი ფრანცისკო
ფრანკო ჩაუდგა. ის 20 წლის ასაკიდან მონაწილეობდა ესპანეთის მიერ წარმოებულ სხვადასხვა ომებში და
33
33 წლის უკვე გენერალი გახდა. მან დახმარებისთვის გერმანიისა და იტალიის მთავრობებს მიმართა. მას მხარი დაუჭირა კათოლიკურმა ეკლესიამ და პორტუგალიამ. ფრანკომ წლის ბოლოსთვის ნახევარი ესპანეთი დაიკავა. რესპუბლიკელებს მხარს უჭერდნენ სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩასული მოხალისეები - “ ინტერნაციონალური ბრიგადები”. საბჭოთა კავშირმა ესპანეთში სამხედრო გამოცდილების მქონე კომუნისტები გაუშვა და სამხედრო აღჭურვილობა გაგზავნა. 1937 წლის მარტში რესპუბლიკელებმა გვადალახარასთან იტალიელთა სამხედრო კორპუსი გაანადგურეს. ამის საპასუხოდ გერმანულმა ავიაციამ აპრილში ბასკური ქალაქი გერნიკა დაბომბა, სადაც სამხედროებთან ერთად მშვიდობიანი მოსახლეობაც დაიღუპა. იტალიელი მოხალისეების და გერმანული თვითმფრინავების მონაწილეობამ ომის ბედი გადაწყვიტა.1939 წელს, 26 იანვარს ფრანკისტებმა ბარსელონა, ხოლო 8 მარტს მადრიდი აიღეს.
რესპუბლიკურმა არმიამ კაპიტულაცია გამოაცხადა. 7 აპრილს სამოქალაქო ომი დასრულდა. ევროპის ქვეყნებმა და აშშ-მ კანონიერად ცნეს ფრანკოს მთავრობა. სამოქალაქო ომში დაიღუპა 300 ათასამდე ადამიანი.
20-იან წლებში დიდი ბრიტანეთი კონტინენტური ევროპის პრობლემებით ნაკლებად იყო დაინტერესებული. ამ დროს მის კოლონიებში განმანთავისუფლებელი მოძრაობები მიმდინარეობდა. დიდი დეპრესიის გამო ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა - უმუშევრობა გაიზადა, ხალხი გაღარიბდა. მთავრობაში ხან კონსერვატორები, ხან ლეიბორისტები მოდიოდნენ. 1935 წლიდან ქვეყნის სათავეში კონსერვატორები მოვიდნენ
(პრემიერ-მინისტრი ჯერ სტენლი გოლდვინი, შემდეგ კი ნევილ ჩემბერლენი გახდნენ). მათ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსად ე.წ “დაშოშმინების პოლიტიკა” აირჩიეს. ის გულისხმობდა მოლაპარაკებებს ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან, რათა ახალი ომი თავიდან აეცილებინათ.
საფრანგეთშიც მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა იყო. გაიზარდა უმუშევრობა, პრობლემები შეიქმნა კოლონიებში. ამის გამო, თავი წამოყვეს კომუნისტებმა და ფაშისტებმა, თუმცა წარმატებას ვერ მიაღწიეს. ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვრების დასაცავად 1924 - 1932 წლებში თავდაცვის მინისტრმა ანდრე მაჟინომ შექმნა მავთულხლართებით, სანგრებით და სიმაგრეებით გამაგრებული თავდაცვითი ხაზი, ე.წ “მაჟინოს ხაზი”.
Комментариев нет:
Отправить комментарий