понедельник, 20 июля 2026 г.

თამარის ეპოქა

  ა) ყუთლუ–არსლანის დასის გამოსვლა  

თამარ–მეფე 1178 წელს მამამისმა გიორგი III–მ თანამოსაყდრედ გამოაცხადა, თუმცა ერთპიროვნულად მმართველობა მამამისის გარდაცვალების შემდეგ 1184 წლიდან დაიწყო. თამარმა იმეფა სხვადასხვა ცნობით 1207, 1210 ან 1213 წლამდე. თამარის ტახტზე ასვლისთანავე დიდგვაროვნებმა თავი წამოყვეს და მეფისგან დათმობები მოითხოვეს. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მეჭურჭლეთუხუცესის ყუთლუ– არსლანის დასის გამოსვლა. ამ დასის წევრებმა მოითხოვეს ისანში, მეფის სასახლიდან მოშორებით დაედგათ კარავი, სადაც დიდებულები შეიკრიბებოდნენ და სამეფოს უმნიშვნელოვანეს საკითხებს გადაწყვეტდნენ. შემდეგ მეფეს ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ აცნობებდნენ და მას ის უნდა შეესრულებინა. ფაქტიურად მეფეს მხოლოდ აღმასრულებელი ძალაუფლება რჩებოდა. თამარმა ყუთლუ– არსლანი დააპატიმრა, თუმცა მისმა დასელებმა გააგრძელეს გამოსვლა. თამარმა მათთან გაგზავნა ორი საპატიო ქალბატონი–ქართლის ერისთავთ-ერისთავის რატის დედა ხვაშაქ ცოქალი და სამძივრების დედა კრავაი ჯაყელი. მოლაპარაკება შეთანხმებით დასრულდა. ორივე მხარე დათმობაზე წავიდა. „კარვის“  დაარსების იდეა შეთქმულებმა უარყვეს; სამაგიეროდ თამარმა ყუთლუ–არსლანი გაათავისუფლა, თუმცა თანამდებობაზე აღარ დატოვა. ამავე დროს ამიერიდან დიდმნიშვნელოვან საკითხებს თამარი დარბაზის წევრთა თანადგომით, მათთან მოთათბირებით და საერთო გადაწყვეტილებით წყვეტდა. 

 ბ) ბასიანის ბრძოლა  

საქართველოს სამხრეთ–დასავლეთით თამარის დროს ბიზანტიის ნაცვლად დიდი ხანია უკვე თურქ– სელჩუკთა სასულთნოები ყავდა გამეზობლებული. ყველაზე ძლიერი იყო მცირე აზიის სელჩუკთა რუმის სასულთანო, რომელიც განსაკუთრებით გაძლიერდა რუქნ ად–დინ სულეიმან შაჰის დროს (1196–1204).  რუქნადდინმა საქართველოში ლაშქრობა გადაწყვიტა და 1202 წელს ჯერ არზრუმს გადავიდა, ხოლო შემდეგ უზარმაზარი ლაშქრით ბასიანის ველზე დაბანაკდა. აქედან თამარს ელჩები გაუგზავნა წერილით,  სადაც მორჩილებას ითხოვდა. იქვე ეწერა, რომ თუ თამარი ქრისტიანობას უარყოფდა, მას ცოლად შეირთავდა, ხოლო თუ არა, ხარჭად დაისვამდა. ასეთი შეურაცხყოფისთვის ამირსპასალარმა ზაქარია მხარგრძელმა ელჩს ისეთი გაარტყა, რომ კარგა ხანს ასულიერებდნენ. ქართველების ლაშქარი ბასიანისკენ დაიძრა. თამარმა ვარძიამდე მიაცილა ჯარი. ბასიანთან დაბანაკებულ მოწინააღმდეგეს ქართველების მოწინავე ლაშქარი თავსმოულოდნელად დაესხა. ბრძოლა დიდხანს გაგრძელდა. მისი ბედი ქართვული არმიის მარჯვენა და მარცხენა ფლანგების ბრძოლაში ჩაბმამ გადაწყვიტა. ქართველებმა ბრწყინვალე გამარჯვებას მიაღწიეს. 

 გ) ტრაპიზონის იმპერიის დაარსება  

 1204 წელს უცხოეთის სავანეებიდან ჩამოსულ ქართველებს თამარმა დიდი ქონებრივი შეწირულობა გადასცა, მაგრამ უკან დაბრუნებისას ბიზანტიის კეისარმა ეს ფული ჩამოართვა და დაისაკუთრა. სწორედ ამ დროს 1202–1204 წლებში IV ჯვაროსნული ლაშქრობა მოეწყო, თუმცა, იმის მაგივრად რომ იერუსალიმისაკენ წასულიყვნენ, მათ კონსტანტინოპოლი აიღეს და გაძარცვეს. ბიზანტია რამდენიმე სამეფოდ დაიშალა.თამარმა ქართველთა გაძარცვის გამო შურისძიების საბაბით 1204 წელსვე ჯარები

14 

გაგზავნა ბიზანტიის შავი ზღვის სანაპიროსკენ, სადაც ქართველთა მონათესავე ლაზები და ჭანები ცხოვრობდნენ. ქართველთა ჯარმა დაიკავა ტრაპიზონი, სამსუნი, სინოპი, კერასუნი და ჰერაკლიამდე მივიდა. აქ, შავი ზღვის სამხრეთ– აღმოსავლეთ სანაპიროზე ცალკე საკეისრო, ტრაპიზონის იმპერია შეიქმნა. თამარმა მის სათავეში მამით ბიზანტიის იმპერატორთა შთამომავალი, დედით ქართველ მეფეთა ნათესავი და თამარის კარზე აღზრდილი ალექსი კომნენოსი ჩაუყენა. 


Комментариев нет:

Отправить комментарий